logo
ENG



ვულოცავ პარლამენტში შესვლას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ბრიტანეთის ელჩი ლელოს წევრებს შეხვდა

13 მაი 202117:13
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი პარლამენტში ლელოს წევრებს შეხვდა. 

როგორც ელჩმა ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ვხვდები ლელოს წევრ პარლამენტარებს, ვულოცავ მათ პარლამენტში შესვლას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა ელჩმა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, გაერთიანებული სამეფო ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის მიღწეულ შეთანხმებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ამ შეთანხმებას, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბატონი კლეიტონი იქნება პროცესში ჩართული. ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გვქონდა, მან მოგვილოცა ფრაქციის შექმნა, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო რეგულარული გახდება და ეს ურთიერთობა გადმოინაცვლებს პარლამენტის კედლებში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. 

დღეს, 13 მაისს პარტია ლელომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან, სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის სახელწოდება იქნება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". მისივე თქმით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება სალომე სამადაშვილი.


close დახურვა